• მთავარი
  • |
  • ახალი ამბები
  • |
  • სტატიები
  • |
  • ბლოგები
  • |
  • საავტორო სვეტები
  • არქივი
  • მოგვწერეთ

ვინ არის ბავშვის მამა?

საქართველოში მამობის დადგენის საკითხის განხილვისას დნმ-ის კვლევის შედეგების წარდგენა სავალდებულო არ არის, მაშინ, როცა ის ყველაზე ზუსტი და სანდო გზაა მამობის დასადგენად.

 

დნმ
25 წლის მაკა ზღვის სანაპიროზე რამდენიმე დღის მშიერი იპოვეს. წასასვლელი არსად ჰქონდა. ოჯახიდან გამოაგდეს, რადგან ქორწინების გარეშე დაფეხმძიმდა. უთხრეს, სანამ  მამა შვილს არ აღიარებს, უკან არ მიგიღებთო.  ზურა, მაკას ბავშვის ბიოლოგიური მამა, საჯარო მოხელეა. როცა ქალის ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო, ახლობლებს აუხსნა, რომ მაკა მსუბუქი ყოფაქცევის იყო და მასთან მხოლოდ გასართობად დადიოდა. "მანამდე ცოლად მოყვანას მპირდებოდა, მერე უცებ დაიკარგა, აღარც გამოჩნდა და ტელეფონსაც არ პასუხობდა," - ყვება მაკა.

 

სასოწარკვეთილი ქალის შესახებ ინფორმაცია ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში შევიდა. მოგვიანებით, მაკამ შვილი სწორედ ამ  ქსელის მხარდაჭერით გააჩინა.

2007 წელს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იურისტმა მანანა ფურცხვანიძემ მამობის აღიარების მოთხოვნით ზურას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას ის ართულებდა, რომ, მართალია, ზურა მაკასთან ინტიმურ კავშირს არ უარყოფდა, მაგრამ დნმ-ის ანალიზზე სასტიკ უარს ამბობდა. სასამართლოს იძულების ბერკეტი არ აქვს: კანონმდებლობა მამას ტესტის ჩატარებას არ ავალდებულებს.

მაკას ისტორია გამონაკლისი არ არის. ქალის დაუგეგმავი ორსულობა ხშირად ხდება არარეგისტრირებული ურთიერთობების მთავარი პრობლემა. მამაკაცები ქორწინების გარეთ შეძენილი შვილის მამობას გაურბიან, ფეხმძიმე ქალი კი მათთვის ზედმეტი ტვირთი ხდება. ამასთან, გათხოვების გარეშე დაორსულებულ ქალს ხშირად ახლობლებიც ზურგს აქცევენ - მას მეძავს, მის შვილს კი ნაბიჭვარს უწოდებენ. მოკლედ, შვილი არ უნდა არც მამას, არც დედის ოჯახს, არც ნათესავებს. შედეგად კი ქალი, მის მომავალ შვილთან ერთად, უმძიმეს მდგომარეობაში ვარდება.

სამოქალაქო კოდექსი, მამობის დადგენის საკითხის განხილვისას, სასამართლოს ავალდებულებს განიხილოს დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრება, საერთო მეურნეობის წარმოება, ან ბავშვის ერთად აღზრდის ან რჩენის სხვა გარემოებები. საქართველოში არარეგისტრირებული ინტიმური ურთიერთობები, როგორც წესი, დამალულია, ქალები მასზე ღიად საუბარსაც გაურბიან, არანაირი საერთო მეურნეობა ასეთ წყვილებს არ აქვთ, ამიტომ მისი მთავარ მტკიცებულებად წარდგენა თითქმის შეუძლებელია. ამდენად, კანონმდებლობა, რომლითაც ქართული სასამართლო ხელმძღვანელობს, ქალებს, რომლებიც ბავშვს ქორწინების გარეშე აჩენენ, სამართლის პოვნის მინიმალურ შანსს უტოვებს.

დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა აბსოლუტურად განსხვავებულია: ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით, მამობის დადგენის საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას, პირველ რიგში, გენეტიკური (დნმ-ის) კვლევის შედეგებს ითვალისწინებენ. თუ მამაკაცი დნმ-ის ანალიზის გაკეთებაზე უარს აცხადებს, ეს მისი მხრიდან ავტომატურად მამობის აღიარებას ნიშნავს. ბავშვი გვარსაც იღებს და ალიმენტსაც. საქართველოში მამობის დადგენის საკითხის განხილვისას კი დნმ-ის კვლევის შედეგების წარდგენის ვალდებულება არ არსებობს, მაშინ, როცა ის ყველაზე ზუსტი, სანდო და, პრაქტიკულად, შეუმცდარი გზაა მამობის დასადგენად.

დნმ გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი პოლიმერული მოლეკულაა. ის ადამიანის  უჯრედის ბირთვშია მოთავსებული, ბირთვიანი უჯრედი კი შეიცავს გენომს, რომლის შესწავლის შედეგადაც შესაძლებელია ადამიანთა იდენტიფიკაცია.  ყველა ადამიანს  უნიკალური,  განუმეორებელი გენოტიპი აქვს. გამონაკლისი მხოლოდ  ერთ  კვერცხუჯრედში  ჩასახული ტყუპების შემთხვევაა.

გენეტიკური  ინფორმაციის კითხვა  ადამიანებმა მეოცე საუკუნის ბოლოს ისწავლეს და ეს გენეტიკის დარგში რევოლუციური გადატრიალება იყო. სპეციალისტები ამბობენ, რომ  დნმ  გამოკვლევის  შედეგად  მიღებული  დასკვნა შეუმცდარია.  რამდენიმე  მილიონი  ანალიზიდან  მხოლოდ  ერთში  შეიძლება,  შეცდომა მოხდეს, ანუ ორი სრულიად  სხვადასხვა  ადამიანის  დნმ  ერთმანეთს  დაემთხვეს. თუმცა ეს, პრაქტიკულად, არ ხდება.

სადავო მამობის შემთხვევაში გამოიკვლევენ სავარაუდო მამისა და ბავშვის დნმ-ის  ფრაგმენტებს  და მათ ერთმანეთს ადარებენ. ბავშვი თავისი დნმ-ის  ნახევარს დედისაგან  იღებს,  ნახევარს - მამისაგან,  რაც  იმას  ნიშნავს,  რომ  ბავშვსა  და  მამას გენების  ნახევარი ერთნაირი აქვთ. თუ დედა დანამდვილებით ცნობილია, ანალიზის დროს ხდება დედის ტიპის გამოყოფა და რჩება ის ნახევარი, რომელიც შვილს მამისგან გადაეცემა.  თუ მამა-შვილის გენეტიკური ტიპი ერთმანეთს ემთხვევა, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი  ამ მამაკაცის  ბიოლოგიური შვილია.

სტატისტიკური მონაცემები, თუ ვინ იტარებს დნმ-ის კვლევას, საქართველოში არ არსებობს. თბილისში დნმ-ის ანალიზის ჩაბარება 4 ლაბორატორიაშია შესაძლებელი და საკმაოდ ძვირი ღირს. ლიმბახის ლაბორატორიაში, რომელიც ანალიზებს გერმანიაში აგზავნის და პასუხს 3 კვირაში იღებს, ტარიფი 1963 ლარი და 50 თეთრია. "დნმ დიაგნოსტიკაში" კვლევა 1500 ლარი ღირს, დასკვნა საშუალოდ 1 თვეშია მზად. "ავერსის" კლინიკაში ანალიზებს დასკვნისთვის გერმანულ-შვეიცარიულ ლაბორატორიაში აგზავნიან, პასუხი 2 კვირაში მიიღება, საფასური კი 2600 ლარია. კლინიკაში ამბობენ, რომ 2009 წლისთვის დნმ-ის ანალიზი მამობის დადგენის თხოვნით ექვსმა ადამიანმა გაიკეთა.

დნმ-ის დადგენა საქართველოშიც შესაძლებელია: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გენეტიკურ კვლევებს საფუძველი 2006 წლიდან ჩაეყარა. ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის დნმ ლაბორატორიაში კვლევა რამდენიმე მიმართულებით ტარდება, მათ შორის, მამობის დადგენის მიზნითაც. ბიუროში ამბობენ, რომ 2009-2011 წლებში სულ ამ სახის 76 ექსპერტიზა ჩატარდა. დნმ-ის ანალიზის დაჩქარებული წესით ჩატარება ბიუროში 3200 ლარი ღირს და დასკვნა მზად 5 დღეშია, ჩვეულებრივი წესით პასუხის მიღებას 30 სამუშაო დღე სჭირდება, ფასი 1600 ლარია.

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული დირექტორი ელისო ამირეჯიბი ამბობს, რომ სიძვირის მიუხედავად, ბევრი ქალი მზადაა, ანალიზისთვის საჭირო თანხა შეურაცხყოფის თავიდან აცილების სანაცვლოდ, თავად გადაიხადოს. „ძალიან ბევრი ქალისთვის დნმ-ის ანალიზი არის იმედი, რომ მისი ღირსება იქნება აღდგენილი. თუ ქალზე ამბობენ, რომ სანამ დაწვება, შესაძლო დაფეხმძიმებაზეც იფიქროს, ზუსტად ისევეა პასუხისმგებელი კაციც. იმის გამო, რომ ქალი თავს ვერ იცავს  სამართლებრივად, გამოსავალს ვერ პოულობს, სასოწარკვეთილებაში ვარდება და აგრესია უჩნდება. დნმ-ის ანალიზის გაკეთება კაცის კეთილ ნებაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ კანონმა უნდა დაავალდებულოს იგი",  - ამბობს ელისო ამირეჯიბი.

საქართველოში არ არსებობს  სტატისტიკა, თუ რამდენი ქალი ზრდის არარეგისტრირებული ურთიერთობებით გაჩენილ შვილს. ამ კატეგორიის ქალებთან ერთად, მარტოხელა დედად ითვლება ქვრივიც და ქმარს გაშორებულიც. ამიტომ ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. ელისო ამირეჯიბი ვარაუდობს, რომ ყველაზე მიახლოებული რიცხვი 2500-დან 3000-მდეა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 3000-ზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული მხოლოდ დედის განცხადებით. იმავე კატეგორიაში, სტატისტისკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2434 ბავშვია. მხოლოდ დედის განცხადებით ბავშვის რეგისტრაცია კი უმეტესად მაშინ ხდება, როცა ბიოლოგიური მამა შვილს არ აღიარებს.

ძალადობისგან დაცვის ქსელი მონაცემების დამატებით შესწავლას აგრძელებს. უკვე მზად არის კანონში შესატანი ცვლილებათა პაკეტიც, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო  კოდექსს  ემატება ნორმა, რომელიც მამობის დადგენის საკითხის განხილვისას სასამართლოს მიერ დნმ-ის ანალიზის შედეგების გათვალისწინებას დაარეგულირებს.

ძალადობის დაცვის ქსელმა ერთ პატარა წარმატებას უკვე მიაღწია. 2007 წელს მაკას შვილის ბიოლოგიური მამის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი 3 წლიანი გაჭიანურებული დავის შემდეგ გამარჯვებით დასრულდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ზურა დნმ-ის ანალიზს თავს ერთადერთი მოტივით არიდებდა: სურდა, მამობა ოფიციალურად არ დადასტურებულიყო. შედეგად, სასამართლომ ამ უარის საფუძველზე, გადაწყვიტა, რომ ბავშვი ნამდვილად ზურას ეკუთვნოდა და ალიმენტის გადახდაც დააკისრა. გადაწყვეტილება მამამ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ: უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.


დავუშვათ და დეენემის ანალიზი გახდეს სავალდებულო. ვინ უნდა გადაიხადოს ეგ 1500+ ლარი?
ყვავსკი: როგორც სტატიაში წერია, ქალები მზად არიან ხოლმე ამ თანხის გადასახდელად, თუმცა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სახელმწიფომაც დააფინანსოს.
"სასამართლოს იძულების ბერკეტი არ აქვს: კანონმდებლობა მამას ტესტის ჩატარებას არ ავალდებულებს", თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169.4 მუხლის მიხედვით, თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად. "სამოქალაქო კოდექსი, მამობის დადგენის საკითხის განხილვისას, სასამართლოს ავალდებულებს განიხილოს დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრება, საერთო მეურნეობის წარმოება, ან ბავშვის ერთად აღზრდის ან რჩენის სხვა გარემოებები" - უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ეს ნორმა დისპიზიციურია და სასამართლოს შეუძლია მიიღოს სხვა მტკიცებულებებიც, მათ შორის, დნმ-ის ანალიზიც.
შეუძლია მიიღოს, ამიტომაც სთხოვეს მოყვანილ მაგალითში ანალიზის გაკეთება, მაგრამ იძულებით ვერ აიძულებს, ამაზეა საუბარი:)
ვერ აიძულებს, მაგრამ თუ უარს იტყვის დადასტურებულად ჩაითვლება მოწინააღმდეგე მხარის, ამ შემთხვევაში დედის პოზიცია :)
საბოლოოდ ასეც ჩაითვალა, თუმცა ბათუმის სასამართლომ თავდაპირველად დედის პოზიცია არ დაადასტურა, ქუთაისში გადაჩივრების შემდეგ აღიარეს პირველად მამად. აქ საუბარია ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც მამობის დადგენისას მთავარი მტკიცებულება უნდა იყოს დნმ-ის ანალიზი და უკვე შემდგომ დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრება, საერთო მეურნეობის წარმოება, ან ბავშვის ერთად აღზრდის ან რჩენის სხვა გარემოებები.
dzalian aktualuri da sajiro temaa...me vetnxmebi,rom sasamartlom aucileblad unda daavaldebulos-aizulos, rom e.w. ugirsma mamebma gaiketon dnm-s analizi...dzalian momewona nineli kochag...:*:*
საინტერესო ინიციატივაა, თუმცა, ჩემი აზრით, სამოსამართლო სამართლით გადაიჭრა უკვე ეს პრობლემა :) წარმატებები ინიციატივას
It seems the universal problem with in Georgian society. People are ignorant of taking responsibilities and provide care in this kind of situation. I feel. That society so called rules & value influenced from Muslim dominating countries like Iran and Saudi Arabia. Where women are just an object of enjoyment and do not have any permission to live their life by own.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.

უახლესი კომენტარები

OSGF

ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ned_logo

გვერდი ფუნქციონირებს NED-ის ფინანსური მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” და NED-ის პოზიციას. შესაბამისად, ისინი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation and NED. Therefore, the Open Society Georgia Foundation and NED are not responsible for the content of the information material.