• მთავარი
  • |
  • ახალი ამბები
  • |
  • სტატიები
  • |
  • ბლოგები
  • |
  • საავტორო სვეტები
  • არქივი
  • მოგვწერეთ

უკანონო გარიგება

სამშენებლო კომპანიას, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის პროექტების ექსკლუზიური შემსრულებელი იყო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან გარიგებაში ამხელენ.
აბრა მიწაყრილზე
2010 წლის პირველ აგვისტომდე  გორში, ომისგან დაზიანებული სახლების აღდგენით დაწყებული, ძაღლების დახოცვით დამთავრებული, ყველაფერი კომპანია "არქმშენსტუდია 2002"-ს ევალებოდა. ამ ორგანიზაციის  საქმიანობის სფეროში შედიოდა  ფასადების შეღებვა, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია,  ქალაქის ქუჩების  დაგვა-დასუფთავება, ნაგავსაყრელების მოწყობა, გარე განათება და გამწვანებაც კი. 2007 წლიდან მოყოლებული, ეს კომპანია  გორის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი  დაკვეთების შემსრულებელი იყო.
მხოლოდ ძაღლების დახოცვისათვის სამშენებლო კოპანია „არქმშენსტუდია  2002"-მა სამი წლის ( 2007-2009)  განმავლობაში ბიუჯეტიდან თითქმის 106 ათასი ლარი მიიღო. ქალაქის დაგვა-დასუფთავებისთვის კი ფირმამ მხოლოდ 2009-წელს   840.000 ლარამდე დახარჯა. (2007 წელს იგივე ხარჯები  გაცილებით ნაკლები - 337.000 ლარი იყო).   
მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტშივეა აღნიშნული, რომ ქალაქის სისუფთავისთვის გამოყოფილი ფინანსებიდან 40 ათასი ლარი, "არქმშენსტუდია - 2002"-მა ნაგავსაყრელამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობას უნდა მოახმაროს.
დასახლებული პუნქტიდან ცენტრალურ ნაგავსაყრელამდე გზა 500 მეტრზე გრძელი არ იქნება. მანქანის სავალი ნაწილი მხოლოდ მოხრეშილია, მის ორივე მხარეს კი ნაგვის გორები უზარმაზარ  ტერიტორიაზე, მტკვრის პირასაა გაშლილი. ცეცხლმოკიდებული ნაგვის კვამლი  მთელ მიმდებარე დასახლებულ ტერიტორიას წამლავს.  
გორის ერთადერთი მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც გოგებაშვილის დასასვენებელ პარკთან მდებარეობს, ნაგვითაა სავსე. საკვების ნარჩენებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით ჩახერგილი, ის  დიდი ხანია გაუქმებულია.   
2007 წლიდან მოყოლებული, სამშენებლო კომპანია - „არქმშენსტუდია 2002" _ის  მუნიციპალურ ტენდერებში ერთპიროვნული გამარჯვების გამო, ეჭვები გორში უკვე რამდენიმე წელია არსებობს, რაზეც  გორის ადგილობრივ პრესასა და ტელევიზიაში არაერთხელ ითქვა.
საკრებულოს ყოფილი წევრები - კახაბერ ერგემლიძე და თემურ აფხაზაშვილი, გორის საკრებულოს თავჯდომარეს  სამშენებლო კომპანიის ლობირებასა და  მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანხების მითვისებაში ადანაშაულებს.  
აფხაზაშვილისა და  ერგემლიძის მტკცებით, საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე და ტენდერების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირი გივი ხუროშვილი  სამშენებლო კომპანია „არქმშენსტუდია 2002"-ს  ლობირებენ და ყველა ტენდერში ერთპიროვნული გამარჯვების საშუალებას აძლევენ. სანაცვლოდ კი, სწორედ ამ კოპანიის დახმარებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხას იპარავენ.
კახაბერ ერგემლიძე,  საკრებულოს წევრი 2006_2009 წლებში: „ძაღლების ლიკვიდაციის მსგავსი ტენდერებითა და ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ბიუჯეტიდან გამოყოფილ  თანხას ერთი-ორად ზრდიან.  შემდგომ  ეს თანხა მაკრახიძის ფირმას გადაეცემა, თანხის ნაწილი საქმეს ხმარდება, ნაწილი კი _ მაკრახიძეს, საკრებულოს თავჯდომარესა და ტენდერების უფროსს - ხუროშვილს შორის ნაწილდება."
„ყველა ადგილობრივ ტენდერში ალექსანდრე  მაკრახიძე და მისი ფირმა იმარჯვებს, ეს კომპანია საკრებულოსგან თანხებს ერთ პირთან მოლაპარაკების გზითაც იღებს. ბუნებრივია, მარტო მაკრახიძეს  ამ თანხის მითვისების საშუალებას არავინ მისცემს,   ვინც ამ კომპანიისთვის ხელოვნურად ზრდის ხარჯებს, სწორედ ისინი  ინაწილებენ ფულსაც," _ ამბობს "ლიბერალთან" საუბარში თემურ აფხაზაშვილი.
2009 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად დადასტურდა ის ფაქტი, რომ „არქმშენსტუდია 2002"  ტენდერებზე მართლაც უკონკურენტო იყო. 2009 წლის გორის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასევე ნათლადაა გაწერილი, რომ ყველაზე მეტი შეთანხმება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, სწორედ „არქმშენსტუდია 2002"_ს აქვს მიღებული.
აფხაზაშვილის მტკიცებით, სქემა მარტივი პრინციპით მუშაობს: მუნიციპალიტეტში ცხადდება ტენდერი, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ მაკრახიძის კომპანია იღებს, გამარჯვების შემდგომ კი თანხა გამარჯვებულს საკუთარ ანგარიშზე ერიცხება.
საკრებულოს  თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე, „არქმშენსტუდია 2002"-ის ლობირებას არც უარყოფს და  ერთ_ერთ ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ ალექსანდრე მაკრახიძე მისი ახლო  მეგობარია. თუმცა „ლიბერალთან" ინტერვიუში ალექსანდრე მაკრახიძე ზვიად ხმალაძესთან არათუ მეგობრობას, არამედ ნაცნობობასაც კი გამორიცხავს.  მაკრახიძე წამოყენებულ ბრალდებას, თანხების გადამეტებული რაოდენობით მიღებისა და შემდგომ მისი მითვისების შესახებ, ტყუილს უწოდებს, იგი იმასაც გვიხსნის, რომ არათუ ზედმეტი თანხა, არამედ საკმარისი რაოდენობის სახსრებიც კი არაა დაგვა - დასუფთავებისათვის გამოყოფილი.
თემურ აფხაზაშვილი: "როცა ფულის "მოტეხვა" გინდა, სანდო ადამიანი გჭირდება, მაკრახიძე სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს. იგი საკრებულოს თავმჯდომარის _ ხმალაძის _ ნათესავია. ბუნებრივია,  რიგით ადამიანთან ვერ შეხვალ გარიგებაში და არ ეტყვი: ფულის ნაწილი შენ, ნაწილი კი მე დამიბრუნეო. ამიტომაც მაკრახიძე, ამ სქემაში სანდო პირი და დამაკავშირებელი რგოლია. საკრებულო გადარიცხავს თანხას ბანკში, ბანკიდან ფული მაკრახიძეს გამოაქვს. ფულს ის, ხუროშვილი,  ხმალაძე  და სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ადამიანი ინაწილებენ".
ალექსანდრე მაკრახიძე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს  ფულის მითვისებასთან დაკავშირებით უარყოფს და მათ უსაფუძვლოს უწოდებს.
„კალკულაცია მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა, მე მასთან შეხება არ მქონია. გარდა ამისა, თბილისის ერთი უბნის დაგვაში მერია 300 ათასს გასცემს, ხოლო მე თვიურად 70 ათასს მაძლევდნენ გორის დასაგველად, არადა, თბილისის ქუჩებზე დიდი ქუჩები აქ არის" _ განგვიმარტავს ალექსანდრე მაკრახიძე.
ნაგვის რაოდენობის განსაზღვრაში თუ მოსახლეობის მიხედვით ვიმსჯელებთ, თბილისელთა რაოდენობა გორელების რიცხვს 30_ჯერ აღემატება, შესაბამისად ლოგიკურიცაა, რომ თბილისის დაგვისთვის მეტი თანხა გამოიყოფა.  
მხოლოდ 2009 წელს, სამშენებლო კომპანია "არქმშენსტუდია 2002" _მა  ტენდერებითა და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 180,1300 ლარი მიიღო, 2010 წლის _ 6 თვის განმავლობაში კი 113,0814. თუმცა, როგორც ითქვა, მაკრახიძე გორის მუნიციპალიტეტისათვის საკუთარი მომსახურების შეთავაზებას ვეღარ შეძლებს. გორელები კი დასუფთავებულ ქუჩებს, კეთილმოწყობილ ნაგავსაყრელსა და მაწანწალა ძაღლებისაგან გასუფთავებულ ქალაქს აწ უკვე, მუნიციპალიტეტის რჩეული სხვა კომპანიებისგან უნდა ელოდონ.
ქვემო ქართლში ახალი გუბერნატორის დანიშვნის შემდგომ, ალექსანდრე მაკრახიძე, მუნიციპალურ დაკვეთებს აღარ შეასრულებს, პირველი აგვისტოდან მას  მუნიციპალიტეტთან დაარსებული ახალ შ.პ.ს  ჩაანაცვლებს.

* სტატია დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების German Marshal Fund-ის პროექტის The Black Sea Trust-ის მიერ.

ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს German Marshal Fund-ის, The Black Sea Trust-ის და მისი პარტნიორების შეხედულებებს.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.

უახლესი კომენტარები

OSGF

ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ned_logo

გვერდი ფუნქციონირებს NED-ის ფინანსური მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” და NED-ის პოზიციას. შესაბამისად, ისინი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation and NED. Therefore, the Open Society Georgia Foundation and NED are not responsible for the content of the information material.